ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ვერხვის მინდორსა და კაბალში, სადაც მდინარე არეშფერანი და კაბლის ხევი ადიდდა.
დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ამ დრომდე ცენტრალური მაგისტრალი დატბორილია კაბალში, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. მოსახლეობის თქმით, გაუნადგურდათ ზამთრის მარაგი, ასევე დაზიანდა ავეჯი და ტექნიკა.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ლაგოდეხის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მოსახლეობას სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში რამდენიმე საათია აქტიურად ეხმარება სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.