რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი – თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტი, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად წარუდგინა.
პრეზენტაციას, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასშტაბური პროექტის პირველ ეტაპზე, სრული რეაბილიტაცია, თბილისის ქუჩის N4, N16 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდება. განხორციელდება ავარიული შენობების დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა-რეაბილიტაციისა და გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები.
პროექტის პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება თბილისის ქუჩის შუა გამყოფ რეკრეაციასაც, სადაც საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი სივრცეები მოეწყობა. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის პროექტის ღირებულება 3 282 091 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და თბილისის ქუჩაზე არსებულ სხვა ავარიულ კორპუსებსაც მოიცავს.
ამ ეტაპზე, რუსთავში, კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაცია რუსთაველის და მესხიშვილოს ქუჩებზეც მიმდინარეობს. უკვე შესყიდულია პროექტები 13 კორპუსის რეაბილიტაციის დასაწყებად.
2021-2025 წლებში, რუსთავში, 80 ავარიული კორპუსის რეაბილიტაცია განხორციელდა.
თბილისის ქუჩას რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვა აქვს, განახლებული და რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობის გარდა, მთელი ქალაქი მიიღებს.