ყიზილაჯლოში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, კარა ორუჯევი აცხადებს, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი სინამდვილეს არ შეესაბამება

ყიზილაჯლოში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი, კარა ორუჯევი, რომელმაც კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა, ადასტურებს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში მისი ხმა ისმის, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი სინამდვილეს არ შეესაბამება.

ორუჯევი ამბობს, რომ მას კრიმინალურ ავტორიტეტებთან არ უსაუბრია და მისთვის ფული არავის შეუთავაზებია.

როგორც ორუჯევი აცხადებს, მან პარტია საკუთარი სურვილით დატოვა.

„ტელევიზიით აჩვენეს ჩანაწერი. ვადასტურებ, რომ გავრცელებულ მასალაში ისმის ჩემი ხმა. მეგობარს ვესაუბრებოდი, რომელიც „ლელოს“ პარტიის წევრია. მინდა ვთქვა, რომ ჩანაწერი დაჩეხილია და საუბრის შინაარსი არ შეესაბამება სინამდვილეს. ახლა ნათესავებმა მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა მომეხსნა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამით არის განპირობებული. „ლელოს“ პარტიის ლიდერებს განვუმარტე, რომ არ დაეშვათ ის შეცდომები, რომლებიც წინა არჩევნებზე დაუშვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე პარტიიდან წავიდოდი. ამის მიზეზი ჩემში კი არა, არამედ პარტიის თავმჯდომარეშია, რომელმაც პროცესის ორგანიზება ვერ შეძლო. საერთოდ არ ვიცი, რომელ კრიმინალურ ავტორიტეტებზეა საუბარი, ჩანაწერში ამგვარი რამ არ არსებობს. არავის არც ფული შემოუთავაზებია და არც კრიმინალურ ავტორიტეტებთან მისაუბრია. რაც ვთქვი, არის ის, რომ ვერც კრიმინალები და ვერც ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეწოლას, პარტია საკუთარი ნებით დავტოვე“, – განაცხადა კარა ორუჯევმა მედიასთან, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი2“ ავრცელებს.

ცნობისთვის, კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რითაც მათივე განცხადებით, დასტურდება კოალიციის ერთ-ერთ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობა, „რის გამოც მან კანდიდატურა მოხსნა“.

როგორც „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურამ „ლელოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო.