„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა

სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების გამო დააჯარიმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა და 2026 წლის 28 თებერვლამდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა – გრაფიკის სემეკში წარდგენა დაევალა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართვის საფუძველზე საჯარო სხდომაზე იმსჯელა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიას შესაბამისი ვადები განესაზღვრა.

კერძოდ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2026 წლის 28 თებერვლამდე ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების და ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემების ელექტრომომარაგების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნებისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური პროექტების (ვარგისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით) მომზადება და პროექტებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის სემეკში წარდგენა.

კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სემეკში უნდა წარადგინოს ქ. რუსთავის მერიასთან შეთანხმებული 2026 წელს განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.