სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების კიდევ 10 მონაწილეს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულებმა პროცესზე დუმილის უფლება გამოიყენეს. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა. მათ შორის რამაზ ჯორბენაძის ადვოკატმა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი – ფორმა 100 წარადგინა.
პროკურორმა კი პროცესზე ბრალდებულების მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა – მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდება კიდევ 16 პირს, მათ შორის ერთ პირს დაუსწრებლად წარუდგინა.
შსს-მ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დააკავა, ჯამში დაკავებულია 62 ადამიანი.