დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც კანონის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა გახსნა.
სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო დოკუმენტაცია სრულად გადასცა საკრებულოს უხუცეს დეპუტატს და სხდომის თავმჯდომარეს ლიანა ჯღარკავას, რომელმაც ასევე პროცედურების შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატებს დრობითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიების დაფუძნებაში მონაწილეობა სთხოვა.
სხდომის დაწყებამდე ლიანა ჯღარკავამ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია „გახარიას“ პარტიის პირველი ნომრის ნათია შელეგიას მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადების თაობაზე, რომლითაც შელეგიამ საკრებულოს მიმართა და შესაბამისად, დღეს სხდომას გახარიას პარტიის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.
პირველი სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, თავმჯდომარის შეთავაზების საფუძველზე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ კანდიდატად დეპუტატმა ლაშა ჩოფლიანმა თავის ორ კოლეგასთან ერთად მამუკა რეხვიაშვილი დაასახელა.
სხვა პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან თავმჯდომარის კანდიდატურა არ დასახელებულა.
ფარული არჩევნების შედეგად მამუკა რეხვიაშვილი 22 ხმით არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მამუკა რეხვიაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის კანდიდატებად შესაბამისად მარინა ლიპარტელიანი და მიხეილ მუზაშვილი დაასახელა, რომელთაც ფარული არჩევნების შედეგად ასევე 22-22 ხმა მიიღეს.
საკრებულომ დღესვე მიიღო ცნობად ფრაქციების „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ დაფუძნების შესახებ ინფორმაცია.
დეპუტატებმა კენჭი უყარეს და დაამტკიცეს განკარგულება საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ, რომლის შესაბამისადაც კომისიების შემადგენლობაში 5 წევრი ეყოლება „ქართულ ოცნებას“, ხოლო 2 დანარჩენ პარტიებს.
კომისიების თავმჯდომარეებად დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით აირჩიეს დასახელებული კანდიდატები. შედეგად:
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას კარლო ნოდია უხელმძღვანელებს, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას – გრიგოლ ვეფხვაძე, სივრცით ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას – გიგა კიკვაძე, სოციალურ საკითხთა კომისიას – ლელა ლუარსაბიშვილი და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას კვლავ ამირან ჯანჯღავა გაუძღვება.
სხდომის დასასრულს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი დემეტრაშვილმა.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ნინო სულაძემ. საკრებულოს თავმჯდომარის და მოადგილეების არჩენების კენჭისყრაზე თავი შეიკავა პარტია „კონსერვატორები
საქართველოსთვის“ წევრმა მერაბ გიგანმა, რაც შეეხება პარტიის „გირჩის“ წარმომადგენელს საკრებულოში შოთა ზალკალიანს, მან ყველა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
რუსთავის მერვე მოწვევის საკრებულოში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი იმუშავებს. მრავალპარტიულ საკრებულოში „ქართული ოცნება“, უმრავლესობით, 21 მანდატს ფლობს: 11 მანდატს პროპორციული სიით, ხოლო 10 მანდატს მაჟორიტარული სისტემით. რაც შეეხება ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს, თითო მანდატით არიან წარმოდგენილნი პარტიები „გირჩი“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“.