რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
ახალ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, პატარებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და შენობა, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ ბექა ურუშაძესთთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა: მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
რეაბილიტაციის შედეგად, 200 ბავშვისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. განახლებული ბაღი მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.
მოწესრიგდა უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები.
პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში, ჯამში, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას პროექტს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 23 427 825 ლარს შეადგენს.