საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ერთობლივ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი.
ევროკავშირის ლიდერების შეფასებით, 4 ოქტომბერს საქართველოში მუნიციპალური არჩევნები „განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში მიმდინარეობდა“.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია მედიისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისთვის შექმნილ რეპრესიულ გარემოზე – „დამოუკიდებელ მედიაზე მრავალთვიანმა თავდასხმებმა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღებამ, ოპონენტებისა და აქტივისტების დაპატიმრებამ და ასევე საარჩევნო კოდექსში მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეტანილმა ცვლილებებმა კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შეამცირა“ – ნათქვამია წერილში.