შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ლ.ხ. არასრულწლოვნით ვაჭრობის, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.









