ერდოღანის განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი C-130 ტიპის თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შავი ყუთი მაშველებმა იპოვეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

 

„ჩვენი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია, მისი შესწავლა დაწყებულია“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

ამასთან ერთად, თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მაშველებმა 19 თურქი სამხედროს ცხედარს მიაკვლიეს.

 

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ადგილზე ვაკვირდებით გამოძიებას. გამოძიებისთვის საჭირო ყველა პირობას უზრუნველყოფთ, რათა ინციდენტის ყველა გარემოება დადგინდეს“, – დასძინა მან.