რუსთავის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი უძღვებოდა, საკრებულოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მესამე მოადგილე აირჩიეს.
სხდომის დასაწყისში, არჩევნების პროცედურის ჩატარებამდე, მამუკა რეხვიაშვილმა დეპუტატებს გააცნო რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება, რომლის თანახმადაც, საკრებულოში პროპორციული სიით დეპუტატის მანდატი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, გიორგი დემეტრაშვილის ნაცვლად პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი კოკაიამ მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა რეხვიაშვილმა, უფლებამოსილების საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ პოსტზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გიორგი კოკაია დაასახელა.
ფარული არჩევნების შედეგად დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გიორგი კოკაია 20 ხმით აირჩიეს.
საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრმა ნინო სულაძემ, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრმა მერაბ გიგანმა და „გირჩის“ წარმომადგენელმა შოთა ზალკალიანმა.









