საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა გამართა.
სხდომის დელეგატებმა ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) პრეზიდენტად მესამე ვადით თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა მოეწყო, რომელზეც ა.თ.ე.ა-ს პირველ ვიცე-პრეზიდენტად კვლავ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს, ვიცე-პრეზიდენტებად კი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი დასახელდნენ.
ასოციაციის პრეზიდენტის კახა კალაძის მიერ წარდგენილი კანდიდატურები სხდომის მონაწილეებს, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ გააცნო.
ა.თ.ე.ა- ს ახლადარჩეულმა ვიცე-პრეზიდენტებმა კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ, ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს ასოციაციის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის სხდომის ფარგლებში, ა.თ.ე.ა-ს პრეზიდენტმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ასოციაციის გასული ოთხი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დელეგატებს სიტყვით მიმართეს ასევე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, კახაბერ გულედანმა.
სასტუმრო ,,ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებას, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტს აერთიანებს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაციის საქმიანობის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.









