აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და 5 მილიარდ დოლარს ითხოვს.
მიზეზი მისი 2021 წლის 6 იანვრის გამოსვლის რედაქტირებული ვერსიაა, რომელიც BBC-ის დოკუმენტურ გადაცემაში „პანორამა“ გავიდა.
ტრამპის იურიდიული გუნდის მტკიცებით, BBC-იმ პრეზიდენტის გამოსვლა „განზრახ, ბოროტად და მოტყუებით გააყალბა“, რითაც მისი რეპუტაცია შელახა. მოგვიანებით მაუწყებელმა ბოდიში მოიხადა, თუმცა განმარტა, რომ ცილისწამების ბრალდების საფუძველი არ არსებობს.
სარჩელის შეტანამდე BBC-ის იურისტებმა ტრამპის ბრალდებებს ვრცელი წერილობითი პასუხი გასცეს. მათი განცხადებით, მონტაჟი ბოროტი განზრახვით არ გაკეთებულა და გადაცემას ტრამპისთვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან იგი მალევე ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად.









