რუსთავში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის გასვლითი შეხვედრა რუსთავში გაიმართა.

 

 

ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე: „კიბერბულინგი და ონლაინ სივრცეში ძალადობა“. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე.

 

 

ტრენინგზე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, ახალგაზრდებმა ძალადობის სხვადასხვა ფორმის და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 

 

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან გლობალურ კამპანიას საქართველოც უერთდება. როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგები იმართება. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ძალადობა სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. განსაკუთრებით გამძაფრებულია ძალადობა ონლაინ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით, აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო ცნობიერების წყალობით შევძლებთ ძალადობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას“, – განაცხადა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

 

 

ღონისძიებას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა.