ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 21 ადამიანი დაიღუპა.
სარკინიგზო ქსელის ცნობით, ორივე მატარებელში ოთხასი მგზავრი და თანამშრომელი იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, სულ მცირე 73 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 24-ის მდგომარეობა მძიმეა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.