მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას განაცხადა, პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კვოტები შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება, რომელიც მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განათლების სამინისტროსთან ერთად განხორციელდა.
კობახიძის განმარტებით, კვოტები უმაღლესი განათლების კონცეფციის შესაბამისად, კონცეფციით დადგენილი „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის მიხედვით განისაზღვრა.
„ხაზს გავუსვამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რაც კვოტებშიც არის ასახული. ამ რეფორმის შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუსი დაუბრუნდება – ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული მავნებლური, ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს დედა უნივერსიტეტის სტატუსი და შესაბამისი მისია უნდა დაუბრუნდეს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ ეს“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდა და აქვე დასძინა, რომ რეფორმა აუცილებელია იმისთვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება მიიღოს.
„ჩვენ ამას აუცილებლად უზრუნველყოფთ და სწორედ ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე სპეციალურ ბრიფინგზე წარადგენს.