განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.
„არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით“. გასაგებია, რომ იმ უნივერსიტეტს და პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს.
ასევე, ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამი სავალდებულო წესით, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს და ამით თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. მათ შეეძლებათ პროფესიული პროგრამა შემოხაზონ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია. არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.









