საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში – 4560 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად, ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე, რომელსაც აღნიშნული ქმედება განმეორებით ჰქონდა ჩადენილი სანქციის სახით, 3000 ლარით დაჯარიმდა.









