პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.
განსახილველად დაჩქარებული წესით წარდგენილ ცვლილებებს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტის ცხრა წევრმა პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონს ახალი მუხლები ემატება, რომლის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი. მთავრობის დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.
ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო – დროებითი მმართველი საბჭო შექმნას, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება გადაეცემა.
კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.
გარდა ამისა, “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ, მილევად რეჟიმში – კონკრეტული ვადით ის პროგრამები განახორციელონ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული არ იქნება. აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ვადით გააგრძელონ. აღნიშნული საკითხი პარლამენტის მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღებული კანონიდან გამომდინარეობს, რომლის გათვალისწინებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მხოლოდ მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ფარგლებში ენიჭებათ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე – ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
“უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი ინიციატივაა ის, რომ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა უქმდება. მასწავლებელთა მომზადება ბაკალავრიატის საფეხურზე განხორციელდება.
კანონპროექტი პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარადგინა.









