სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს – მას წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ასრულებს

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა დასვენებული, წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს.

 

პარალელურად, მრევლის მცირე ნაწილს, სამების ეზოში შესვლის შესაძლებლობა მისცეს. აღსანიშნავია, რომ ტაძრის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სპეციალური ეკრანები, საიდანაც მოქალაქეებს წირვის ტრანსლირების ყურება შეეძლებათ.

 

ადგილზე გადაადგილება შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. საშვებით.

 

12:15 საათზე კი ტაძარში მობრძანდება კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

 

15:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით.