საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას – სად აქვს მას რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს, – ამის შესახებ სამებასთან მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციასა და მსოფლიო პატრიარქის ურთიერთობაში საქართველოს როლს შეეხებოდა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქი ძალიან აფასებდა მსოფლიო პატრიარქთან და მსოფლიო ეკლესიასთან ურთიერთობას.
„საქართველოს ეკლესია ახლა ვერანაირ პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას. სად აქვს მას რესურსი, რომ მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა დაალაგოს. მსოფლიო პატრიარქი არის ფიგურა, რომელსაც აქვს მსოფლიოში თავისი ადგილი და ავტორიტეტი. მას აქვს თავისი სამოციქულო მოღვაწეობის პასუხისმგებლობა და ვალდებულება. ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდა პატრიარქს. საქართველოს ძალიან დიდი გულშემატკივარია და იმის მიუხედავად, რომ ქართული მხარიდან ზოგჯერ დაბრკოლებები იქმნებოდა, ის ყოველთვის თავის სიმაღლეზე იყო. პატრიარქი ძალიან აფასებდა მსოფლიო პატრიარქთან და მსოფლიო ეკლესიასთან ურთიერთობას. ამაზე არაერთხელ გვქონია ვრცელი საუბარი“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.
კითხვაზე, რა გზავნილია რუსეთის პატრიარქის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ბელარუსის ეგზარქოსი ჩამოსულიყო და სცადა თუ არა, რომ ამ ფორმით თავი აერიდებინა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრას, მეუფე ზენონმა უპასუხა, რომ საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები აქვს სწორედ რუსეთის მიზეზით და რუსეთის პატრიარქი აქ „რატომ ჩამოვიდოდა?“
„[რუსეთის პატრიარქი] რატომ ჩამოვიდოდა? კითხვა ასე უნდა დავსვათ. საქართველოს ეკლესიას და სახელმწიფოს პრობლემები აქვს რუსეთის მიზეზით. აფხაზეთში და ოსეთში რომელი საპატრიარქოს იურისდიქცია ვრცელდება? საქართველოსი?“ – განაცხადა მეუფე ზენონმა.









