ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ კარკუჩის მისასვლელ საავტომობილო გზაზე, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის სპეციალისტების მიერ ფასდება არსებული ვითარება.
„ტერიტორიის დათვალიერებისა და შესაძლო რისკების განსაზღვრის შემდეგ დაიწყება გზის გაწმენდითი სამუშაოები და აღდგება საავტომობილო მოძრაობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მონაკვეთის მიმართულებით გადაადგილებისგან და დაელოდონ დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.