აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც მამაკაცმა უსაფრთხოების საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გახსნა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეჭვმიტანილმა საიდუმლო სამსახურის აგენტს ცეცხლი თოფიდან ესროლა.
ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დაშავებული ოფიცერი ტყვიაგაუმტარი ჟილეტით იყო დაცული და კარგ მდგომარეობაში იმყოფება.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტით და რამდენიმე დანით. თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.
ყოველწლიური ღონისძიება ვაშინგტონ ჰილტონის სასტუმროში გაიმართა, რომელსაც ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პირველი ლედი მელანია ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და მედიისა და მთავრობის ასობით წარმომადგენელი. სადილს, საერთო ჯამში, დაახლოებით 2 600 ადამიანი ესწრებოდა.