პატრიარქი შიო III სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

 

ბერძნულ ენაზე პირველი ასამაღლებელი კონსტანტინოპოლის ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენელმა შეასრულა.

 

წირვას ესწრებიან პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი.

 

პარალელურად, დილის 11:00 საათზე ქაშვეთის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძრიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება ტრადიციული მსვლელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამრევლოები და მათი წინამძღვრები, აგრეთვე საკვირაო სკოლები, როგორც მცხეთა-თბილისის, ისე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ეპარქიებიდანაც. სამების ტაძარში ლოცვითი მსვლელობიდან მისულ მრევლს დალოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

 

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.