ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ტყე-ჭალის ტერიტორიაზე ახალი პარკის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით შეიქმნება თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც გააერთიანებს საბავშვო სივრცეებს, რეკრეაციულ და დასასვენებელ ზონებს, საფეხმავლო, სარბენ და ველობილიკების ქსელს.
ასევე, მოეწყობა არსებული ტბის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და არქიტექტურული ობიექტები, მათ შორის პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი, ღია სცენა, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები, წყლის ობიექტები და ავტოსადგომი.
ახალი პარკი აღიჭურვება გარე განათების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.
გარდა ამისა, პროექტირებისას გათვალისწინებული იქნება ტერიტორიაზე დაგეგმილ მულტიფუნქციურ კომპლექსთან პარკის დაკავშირება.
ახალი სივრცე ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, სოციალიზაციას და ტურიზმის განვითარებას.