ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ, სახელმწიო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე ნანა შამათავამ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები და გარემოებები.
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე.
მომდევნო სხდომა 15 ივლისს ჩაინიშნა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას არა დიდი ოდენობით თანხა, არამედ, ორი თვის ხელფასი ამოიღეს.
„ვერცერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოდგენილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობაზე. რატომ უნდა დაგვეპატიმრებინა გენერალ-მაიორი ლევან ახობაძე, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ამ ქვეყანას ემსახურება?
ლევან ახობაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. არანაირი დიდი ოდენობის თანხა არ არის ამოღებული, 2 თვის ხელფასის ოდენობის თანხაზეა საუბარი“, – აღნიშნა რაჟდენ კუპრაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილემ, 250 ათასი ლარი, მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო. ახობაძემ დაჯარიმებულ მეწარმეს თავდაპირველად 500 ათასი ლარი მოსთხოვა, ლილუაშვილის ჩარევის შედეგად კი თანხა განახევრდა.