დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა

დღეიდან, საქართველოში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა, რომელთა ფარგლებშიც სანქციები სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცვლილებები შეეხო ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა, სიჩქარის გადაჭარბება, მობილურით სარგებლობა და პარკირების წესების დარღვევა.

TV4 გთავაზობთ ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალს:

სიჩქარის გადაჭარბება: 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა.

მანევრირების წესების დარღვევა: ჯარიმა გაიზარდა 100 ლარამდე, მართვის მოწმობას კი 20 ქულა დააკლდება.

დრიფტი: თუ „დრიფტს“ მოჰყვა ნივთის ან ადამიანის მსუბუქი დაზიანება, მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება და მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება.

უსაფრთხოების ღვედი: მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, მართვის მოწმობას კი 10 ქულა აკლდება.

მობილურით სარგებლობა: ავტომობილის მართვისას ტელეფონზე საუბარი (hands-free-ს გარეშე) 50 ლარით დაჯარიმდება.

დგომა-გაჩერება: თბილისის მსგავსად, ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და კურორტებზე.

ტროტუარზე დგომა: ახალი რეგულაციით, ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის გაჩერება ზემოაღნიშნულ ქალაქებში 100 ლარით დაჯარიმდება (სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით).

ტროტუარზე მოძრაობა: ტროტუარზე ავტომობილით გადაადგილება გამოიწვევს 200-ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობაზე 30 ქულის დაკლებას.

ავტობუსის ზოლი: „ბასლეინზე“ მოძრაობაზე, 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, მძღოლს 15 ქულა დააკლდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარია, ქულების კლება კი – 30.

საპირისპირო „ბასლეინი“: საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 200 ლარით დაჯარიმდება (-20 ქულა), განმეორება კი – 300 ლარით (-30 ქულა).

სახანძრო ჰიდრანტი: შემოვიდა ახალი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. დარღვევა ითვალისწინებს 200-ლარიან ჯარიმას და ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანას.

ასევე, თბილისში იმ სატვირთო ავტომობილების (N2, N3 კატეგორია) გადაადგილება, რომელთა დანიშნულების ადგილი დედაქალაქი არ არის (ტრანზიტი), 500 ლარით დაჯარიმდება.

 

შსს-ს ცნობით საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ – 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.

 

არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.