ორშაბათს დილით, პარიზში, მამაკაცი სამ ქალს თავს დაესხა და ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელს თან ორი დანა ჰქონდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილზე არასამუშაო საათებში მყოფმა პოლიციელმა დააკავა. მინისტრმა მის ქმედებას „გმირული ნაბიჯი“ უწოდა.
თავდასხმა დაახლოებით 11:30 საათზე, დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით, პორტ დე კლიშის რაიონში მოხდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 19, 24 და 36 წლის ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაზარალებული ორსულადაა. ლორან ნუნიესის განმარტებით, ორი ქალი სერიოზულადაა დაჭრილი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის თქმით, დაკავებისას ეჭვმიტანილი არეულ, გაურკვეველ განცხადებებს აკეთებდა. ნუნიესმა საზოგადოებას მოუწოდა, ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ, ვიდრე თავდასხმის ზუსტი მოტივები დადგინდება.