2026 წლის 6 თვეში, ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში, წინა წელთან შედარებით, 70%-ით მეტი თანხა შევიდა, ხოლო მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმები 54%-ით გაიზარდა

2026 წლის იანვარ-ივნისში ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%-ით (თითქმის 123 მლნ ლარით), მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე გამოწერილი ჯარიმებიდან კი 54%-ით (თითქმის 52 მლნ ლარით) გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ bpn.ge ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 6 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 297 567 586 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივნისში ეს მაჩვენებელი 174 588 123 ლარი იყო.

 

„მონაცემების მიხედვით, 2026 წლის 6 თვეში ბიუჯეტში შესული 297 მლნ ლარიდან 242.140 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წლის იგივე პერიოდში ამავე მუხლით, ბიუჯეტში 140.305 მლნ ლარი შევიდა.

 

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 148 407 262 ლარი შევიდა, 2025 წლის იგივე პერიოდში – 96 431 599 ლარი“, – წერს bpn.ge