სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია, – განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ გააკეთა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს.
„აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.
სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენას.
ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, პოლიცია, სხვა შესაბამის სამართალდამცავ უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვასა და კონტროლს.
ნებისმიერი პირი, რომელიც ჩართულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში, ნარკოტიკების რეალიზაციასა თუ ხელშეწყობაში, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – აღნიშნა მან.