ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს მომხდარმა წყალდიდობამ სასაზღვრო რაიონში მდებარე ქალაქები გაანადგურა, წაიღო ხიდები და გზები და დააზიანა მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები.

 

Reuters-ის შეფასებით, ნეპალს დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ აღდგენისთვის შესაძლოა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე დასჭირდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის მეათედის ტოლია.

 

„პირველადი შეფასებით, თანხა 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე იქნება. ეს მხოლოდ შეფასებაა. 2015 წლის მიწისძვრის შემდეგ საჭირო თანხასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები დაგვჭირდება. ზარალისა და ზიანის შეფასება ჯერ ისევ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნეპალის ფინანსთა მინისტრმა სვარნიმ ვაგლემ.

 

ვაგლეს არ დაუკონკრეტებია, რატომ ელოდებიან, რომ აღდგენისთვის საჭირო თანხა 9 მილიარდ დოლარზე ნაკლები იქნება. სწორედ ამდენი დაიხარჯა 2015 წელს მომხდარი 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ. ეს ნეპალის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება იყო. მიწისძვრას თითქმის 9 000 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ნახევარ მილიონზე მეტი სახლი, ხოლო მიყენებული ზარალი ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით მესამედს შეადგენდა, წერს სააგენტო.

 

Reuters-ის ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, ოთხშაბათის წყალდიდობა სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ნეპალის ეკონომიკას, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფულად გზავნილებზე, ტურიზმსა და ჰიდროენერგეტიკაზე. სტიქიამ დააზიანა ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტები, რომელთა სიმძლავრე ქვეყნის მთლიანი გენერაციის შესაძლებლობის 12%-ზე მეტს შეადგენს.