შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის
დამზადება-გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი კოდის მქონე მობილური ტელეფონის დალომბარდებას ცდილობდა. ნივთმტკიცებად ამოღებული ყუთის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ყუთში
რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონის მსგავსი საგანი იდო.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა თანამზრახველთან ერთად, სხვადასხვა ლომბარდში მობილური ტელეფონების მსგავსი, 6 იმიტირებული ნივთი დაალომბარდა, რითაც კომპანიებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი დააკავეს, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთი პირის დასაკავებლად შესაბამისი საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ნივთმტკიცებად ამოღებულია თაღლითური გზით მითვისებული თანხის ნაწილი და მობილური ტელეფონის იმიტირებული მოდელები, ასევე, გაყალბებული საგარანტიო საბუთები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 19-180-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს