საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე ორი წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას, ნინო გვიშიანს შეხვდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ბეჟუაშვილი. „შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.
თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე წაჩხურას კალაპოტში ადგილობრივებმა იპოვეს.