აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ქალაქ ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ დროებით შეაჩერონ საომარი მოქმედებები ქალაქ ოლეშკიში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და მომზადებულ იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო დერეფნის გავლით.
ლოკალური ცეცხლის შეწყვეტა ძალაში 29 ოქტომბერს უნდა შევიდეს.
„დღეს ოლეშკიში ვითარება საშინელია. ოლეშკი ფრონტის ხაზზე ქალაქია, რომელიც კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ოლეშკიში დარჩენილი მოსახლეობა ძირითადად შედგება მოხუცებისგან, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებს, საკვებსა და სუფთა წყალს. სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი ჩარევის გარეშე ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა და მოხუცი ხალხის ევაკუაცია შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.
აღინიშნება, რომ პირველი ლედი და მისი წარმომადგენელი პირდაპირ მუშაობდნენ რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობასთან, რათა გაერკვიათ ლოკალური ცეცხლის შეწყვეტის პირობები.
„ორივე ქვეყნის არასამხედრო, სამოქალაქო პირები ერთად იმუშავებენ, რათა ეწვიონ ოლეშკის მაცხოვრებლებს მათ სახლებში და დაადგენენ დახმარების მოცულობას, რომელსაც ისინი საჭიროებენ. მცხოვრებლები, რომელთაც ევაკუაცია სურთ, კოორდინირებულ დახმარებასა და ტრანსპორტს მიიღებენ მათ მიერ არჩეულ დანიშნულების ადგილამდე. მოველი, რომ ზოგიერთს რუსეთში წასვლა ენდომება, და ზოგიერთს უკრაინაში“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ მიუკერძოებელი ამერიკული მედია ორგანიზაცია მთელი პროცესის განმავლობაში ადგილზე თან იქნება რუსულ და უკრაინულ გუნდებთან და მოვლენებს გააშუქებს.