სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კომპლექსურ საპოლიციო ღონისძიებებს.
მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული პირია.
დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ.
ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და გავრცელების მიზნით, ბრალდებულები სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. კერძოდ, ნარკოტიკების რეალიზაციას ახორციელებდნენ როგორც უშუალოდ, ხელიდან ხელში გადაცემის გზით, ასევე ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით.
გარდა ამისა, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს წინასწარ შერჩეულ ადგილებში ათავსებდნენ, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტომასალას დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის „კოკაინი“, „მეთადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“, „მარიხუანა“ და სხვა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრონული სასწორები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 25-260-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას განაგრძობს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვაში ჩართული პირების გამოვლენა, ნარკორეალიზაციის ფაქტების აღკვეთა და დანაშაულში მონაწილე პირების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემა.
ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.









