Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა, ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურორის, ჰამად საიფ ალ-შამსის განცხადებით, მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საგანგებო სიტუაციებისას გამოსაყენებლად შენახული საავარიო ნაჯახით დაესხა თავს.
პროკურორის თქმით, პილოტმა თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის მოპოვება სცადა და ის ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.
ასევე, პროკურორმა აღნიშნა, რომ მოტივისა და სხვა გარემოებების დასადგენად გამოძიება გრძელდება.
Reuters-ის ინფორმაციით, დაკავებული პილოტი ომანელი ჰამამ ალ-ჰამამია.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Flydubai-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ისრაელში მიფრინავდა ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა. თვითმფრინავის მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა პილოტი გაანეიტრალეს, რომელიც კაბინაში კაპიტანს დაესხა თავს. ისრაელელი ოფიციალური პირების ცნობით, პილოტმა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჯერ ძალიან ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ იდგა დუბაიდან თელ-ავივში მიმავალი Flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტის უკან.









