შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა, მათ შორის: შვიდი პისტოლეტი, რევოლვერი, ხელყუმბარები, მჭიდები და რამდენიმე ასეული ვაზნა.
სამართალდამცველების მიერ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.