ოპოზიცია თბილისიდან თელავისკენ მიემართება

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერები და გაერთიანების ლიდერები თბილისიდან თელავისკენ მიემართებიან.

მათი განცხადებით, დღეს თელავში კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ 28 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და მიღებულ შედეგს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, აღნიშნული აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელიც გამოხატავს ამომრჩევლის პოზიციას, რომ საქართველოს არ ჰყავს პრეზიდენტი და რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩატარდეს პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ეს აქცია არის მშვიდობიანი და ჩვენ არ გავცდებით კონსტიტუციის ფარგლებს. ხელისუფლებას ამ გზით კიდევ ერთხელ ვანახებთ იმას, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. დღეს აქციები გაიმართება თელავში, ასევე სხვა ქალაქებში ერთი მოთხოვნით, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციის აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

როგორც ცნობილია, 15:00 საათზე, თელავში, ბატონის სასახლის ტერიტორიაზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცს დადებს.