თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.