ქართული ყველის მივიწყებული სახეობების შესახებ „ბიბისი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ჟურნალისტი ტეილორ ვეიდმენი სტატიაში ყვება, რომ ქართული ყველის წარმოების კულტურა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ეკონომიკის გამო ,ჩრდილქვეშ იყო მოქცეული, თუმცა ახლა ქართველი მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე პროდუქტის უძველესი სახეობების დაბრუნებას ცდილობს.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მკვლევარს “ქართული ყველის დედად” მოიხსენიებს და მისი კვლევის შესახებ სტატიაში დეტალურ ინფორმაციას გადმოსცემს.
ჟურნალისტი სტატიის გმირის ვარაუდს ყვება, იმის შესახებ ,რომ საქართველო შესაძლოა, ყველის სამშობლო იყოს. როგორც ქართველი მკვლევარი ამბობს, თბილისის ჩრდილოეთით, 26 კილომეტრის მოშორებით მდებარე მცხეთაში, მუზეუმში ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური მტკიცებულებებიც მოიპოვება, რომელთა თანახმად, საქართველოში ყველს ჯერ კიდევ, რამდენიმე ათასი წლის წინ ამზადებდნენ.
დროთა განმავლობაში კი, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ყველის დამზადების განსხვავებული მეთოდები შეიმუშავეს, შედეგად, დღეს საქართველო ყველის სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.ამასთან, სტატიაშივე აღნიშნულია,რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ქვეყანაში ყველის უნიკალური სახეობების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს.
ჟურნალისტი წერს, რომ მიქაძე-ჩიკვაიძე სოფლებში ოთხი წლის განმავლობაში მოგზაურობდა, სოფლის ხანდაზმულ მოსახლეობას ესაუბრებოდა და ეძებდა ხალხს, რომლებიც პროდუქტს უძველესი მეთოდის მიხედვით ამზადებდნენ. ძველ თაობასთან ინტენსიური კონტაქტის შედეგად, მან ბევრი ახალი რამ შეიტყო.
სტატიაში მაგალითად ყველის რამდენიმე სახეობაა მოყვანილი. მათ შორისაა ტენილი ყველი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთში ამზადებენ. ასევე ნარჩვი,რომელსაც სვანეთში ამზადებენ.
სტატიის ავტორის თქმით, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ამ დრომდე, ყველის 60-ზე მეტ უძველეს სახეობას მიაგნო, რომელთა დაგემოვნებაც დღეს უკვე თბილისის 10-მდე მაღაზიასა და რესტორანშია შესაძლებელი.