საქართველოში შემოსული ყველა მგზავრი შემოწმდება, მათ თერმული სკრინინგი ჩაუტარდებათ და დისტანციური თერმომეტრებით ტემპერატურა გაეზომებათ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
კორონავირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ამ დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
„თუ გასაუბრების შემდეგ საჭირო გახდება დამატებითი გამოკვლევების ან მკურნალობის ჩატარება, მათ აეროპორტიდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. დღეს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი შესრულდება და აეროპორტში მობილიზებულები იქნებიან მედიკოსები და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ყველა მგზავრს გადაეცემა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც კორონავირუსის სიმპტომატიკის შესახებ სრული ინფორმაცია იქნება ასახული“, – განაცხადა გაბუნიამ.
რაც შეეხება ტვირთს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის, ის საფრთხეს არ შეიცავს და ამ მიმართულებით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას.
„ექვსდღიანი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ რამდენიმე პაციენტი სრულად განიკურნა, რაც აძლევს სპეციალისტებს იმის თქმის საფუძველს, რომ ვირუსის განკურნება შესაძლებელია. რაც შეეხება რეისების შეზღუდვას, ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ასეთი რეკომენდაციის გარეშე რეისები არ შეიზღუდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსისგან სრული განკურნების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.