მარნეულში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ჩარჩენილი ადამიანები მუნიციპალიტეტს დღეს დატოვებენ

მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების შემდეგ მუნიციპალიტეტში ჩარჩენილი ადამიანები რაიონს დღეს დატოვებენ .მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ადგილობრივები არ არიან და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაშინ დარჩნენ, როდესაც მარნეული მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებითა და საპატრულო პოლიციის თანხლებით დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გაიყვანენ.

როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ეს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან მას შემდეგ, რაც მარნეულს დატოვებენ. კარანტინის გავლა მათ სურვილისამებრ თბილისის, რუსთავის ან საირმეს საკარანტინო სივრცეში მოუწევთ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საუბარია ჯამში 370 მოქალაქეზე.

 

 

 

ფოტო: 1tv