საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და მხარი დაუჭირა.
კენჭისყრის შედეგად პარლამენტის დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა 136 მომხრე და 5 წინააღმდეგი.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.
კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება გაუნაწილებელ მანდატებს, ისინი განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე.