„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტ თემურ შუბითიძეს თავს დაესხნენ

  „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში თავს დაესხნენ.

 გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ დააჯახეს, რის შემდეგაც, სამმა პირმა მას სასტიკად სცემა.

 ადგილზე, სადაც „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის წევრს, თავს დაესხნენ, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

თემურ შუბითიძის ძმა, გიორგი შუბითიძე ამბობს, რომ ოთხი თავდამსხმელი იყო.

„როგორც კი გაჩერდა ჩემი ძმის მანქანა, მივიდნენ და სცემეს. მეტი არაფერი ვიცი, გამოძიება მიდის. მოწმეებიც ყოფილან, მათ დარეკეს 112-ში. როგორც მე გავიგე, ოთხი პირი იყო. მეტი ინფორმაცია არ ვიცი. ჩემს ძმას ვერ შევხვდი ჯერ. ექიმმა მითხრა, დამატებითი გამოკვლევებია საჭიროო. ხელი და ფეხი აქვს დაზიანებული. გუშინ რაღაცები შეითითხნა ჩემი ძმის და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, თითქოს მონაწილეობას ვღებულობდით იმ პროვოკაციულ მოძრაობაში, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა. რატომ მოხდა თითის გაშვერა ჩვენზე, არ ვიცი. ჩემი ძმა იქ იყო, „ქართული ოცნების“ შტაბში. გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა გიორგი შუბითიძემ.