გაფიცული მძღოლების მოთხოვნები დაკმაყოფილდა

რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობა დღეს თითქმის სამი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. კომპანია „ინტერტრანსის“ მძღოლებმა რეისების შესრულებაზე უარი თქვეს და გაიფიცნენ.დიდუბის ხაზზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები კომპანია „ინტერტრანსისგან“ დაწესებული ყოველდღიური ნორმის 70  ლარის 20 – ლარით შემცირებას ითხოვდნენ. მძღოლების განცხადებით, მგზავრთა ნაკადი შემცირებულია და დაწესებულ ყოველდღიურ გადასახადს ვერ იხდიან. ზაფხულის სეზონზე კი კომპანია მათ  კონდინცირების სისტემის ჩართვას ავალდებულებს,რის გამოც  საწვავის ხარჯიც ეზრდებათ. მოგვიანებით კომპანია ,,ინტერტრანსსა” და მძღოლებს შორის მოლაპარაკება შედგა. კომპანია „ინტერტრანსის“ ინფორმაციით მძღოლების მოთხოვნა, შემცირდეს კომპანიაში შესატანი თანხის ოდენობა დაკმაყოფილდა და მძღოლები 70 ლარის ნაცვლად ახლა 60  ლარს გადაიხდიან. გარდა ამისა შეიცვალა ვადებიც, ინტერნტრანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მძღოლებს შემცირებული გადასახადის გადახდა 15 რიცხვის ნაცვლად 5 ივლისიდან შეეძლებათ.შეთანხმების შემდეგ დღის მეორე ნახევრიდან მძღოლებმა რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა აღადგინეს.