კონტაქტური ბოსტანი-სტუდენტების იდეა რუსთავის სკოლებში განხორციელდა

რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში კონტაქტური ბოსტნის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში ბავშვებს საშუალება მიეცემათ ისწავლონ თუ როგორ იმუშაონ მიწასთან,მარტივად მოიყვანონ ერთწლიანი კულტურები და გაიგონ უფრო მეტი მებაღეობა-მებოსტნეობის შესახებ.პირველი საპილოტე კონტაქტური ბოსტანი მე-16 საჯარო სკოლაში, უახლოეს მომავალში დასრულდება. პროექტის იდეა ,რომელიც მიზნად ისახავს სკოლებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული სამუშაოებით გამყარებას, ხუთ რუსთაველ სტუდენტს ეკუთვნის. კონტაქტური ბოსტნის იდეა  სტუდენტებმა რუსთავის ამერიკული კუთხისა და მერიის ხელშეწყობით განხორციელებულ „ინოვაციების ფესტივალში“ გააჟღერეს და გამარჯვება მოიპოვეს. ინოვაციების ფესტივალში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ ახალი იდეები და ადგილობრივი ხელისუფლებისგან მცირე დაფინანსება მიეღოთ. იდეის  ავტორების მთავარი მიზანი, პროექტის ქალაქის მასშტაბით, ყველა სკოლაში განხორციელებაა.