რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ ესწრება. კონფერენცია საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით იმართება და ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ეხება, მათ შორის, ბრიუსელის სამიტის შემდეგ ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს. ასევე, ყურადღება გამახვილდება ეკონომიკურ საკითხებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებაზე, სატრანსპორტო და სავაჭრო დერეფნებზე, ენერგეტიკულ პროექტებზე, ბიზნესის განვითარებისა და სექტორული თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის, ევროკავშირის კანდიდატი და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, სამეცნიერო წრეების, მედიისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.