საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის,ნონა გაფრინდაშვილის ტურნეს ფარგლებში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ორგანიზებით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ღონისძიება გაიმართა.ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო შეჯიბრი ჭადრაკსა და სპორტულ ვიქტორინაში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოს ჩემპიონ, ეროვნული ნაკრების წევრ და საერთაშორისო დიდოსტატ, ლუკა პაიჭაძესთან ეთამაშათ.
ღონისძიებას ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, ზურაბ აზმაიფარაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს დეპუტატები – დავით იშხნელი და ბონდო მამულაშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ 1998 წელს მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით, ,,ფიდემ“ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალის, ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
2018 წლის 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე საქართველო ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. საჭადრაკო ოლიმპიადა სპორტის სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც მონაწილეობს 190-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, 4000-მდე მოჭადრაკე და სხვა ოფიციალური პირი.