ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით მოძრაობა პარალიზებულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით, ხაიშის მონაკვეთზე, მოძრაობა პარალიზებულია. მოსახლეობას გზა გადაკეტილი აქვს და ტერიტორიიდან სპეცრაზმის გასვლას ითხოვენ.ხაიშის ცენტრში შეკრებილები აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ.

ხაიშში იმყოფებიან შსს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი​. ისინი ჭუბერის რწმუნებულს, ნინო ვიბლიანს შეხვდნენ და განუმარტეს, რომ ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებსაც მოსახლეობამ ხელი შუშალა.

როგორც ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური ახორციელებს კანონიერ მოქმედებებს, რომელსაც ხელს უშლის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი.

„საგამოძიებო მოქმედებებისთვის ხელის შეშლის გამო, შსს-ს გარკვეული დანაყოფები ადგილზე არიან, რათა დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეების ინტერესები. დილით აქ იმყოფებოდნენ საგამოძიებო ნაწილის დანაყოფები, რომლებიც ახორციელებდნენ თავის საქმიანობას. ტერიტორიაზე არანაირი სპეცრაზმი არ ყოფილა. ვთავაზობთ მოსახლოებას, ყველა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გავიდეს ტერიტორიიდან და ჩადგეს რაღაც კალაპოტში ეს პროცესი. თუკი რაიმე გადაცდომა იყო რომელიმე მხრიდან, დავიწყებთ ამაზე მოკვლევას და იქნება სათანადო რეაგირება”, – განაცხადა გენინსპექციის უფროსმა.