გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალს დღეს წაუყენებენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ჭანტურიას გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას ედავება.

როგორც ცნობილია ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები და მჭიდები ამოიღო. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

შსს-მ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაპირისპირება. შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო, ფიზიკო-ტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.